გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) გლობალური შეთანხმების სპეციალური მიმართვა

განახლებულია 2020 წლის 19 მარტს

გაეროს გლობალური შეთანხმების „ათი პრინციპი“, რომელიც ბიზნეს ლიდერებს დაეხმარება კრიზისის დაძლევაში

მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნეს ლიდერებს, გაერთიანდნენ COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული დასაქმებულების, საზოგადოებისა და კომპანიების დასახმარებლად.

ბიზნეს სექტორის ჩართულობით შემუშავებული კოორდინირებული საერთაშორისო გეგმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისა და კომპანიების მხარდასაჭერად, ეკონომიკის დამატებითი რღვევის შესაჩერებლად და ბიზნესსაქმიანობის უწყვეტობის ხელშესაწყობად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი რეაბილიტაცია.

შექმნილ ბუნდოვან ვითარებაში გაეროს გლობალური კომპაქტის ათი პრინციპი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის შესაძლოა იქცეს შთაგონების წყაროდ.

სოლიდარობის და საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნეს ლიდერებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, კრიზისის დასაძლევად იხელმძღვანელონ ამ ათი პრინციპით.

ადამიანის უფლებები

პრინციპი 1: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.

პრინციპი 2: ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილე.
მაგალითად:
•უზრუნველყოს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ნებისმიერი ღონისძიება ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე რასის, ფერის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან განსხვავებული მოსაზრების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, საკუთრების, წარმოშობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან განსხვავებული სტატუსის მიუხედავად.
•უზრუნველყოს, რომ ყველაზე მარგინალიზებული და/ან დაუცველი ადამიანების საჭიროებები სათანადოდ არის დაკმაყოფილებული. 


შრომითი უფლებები

პრინციპი 3: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას და აღიაროს უფლება (დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის) კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ.

პრინციპი 4: უნდა აღიკვეთოს იძულებითი და სავალდებულო შრომის ყველა ფორმა.

პრინციპი 5:  ეფექტურად უნდა აღკვეთოს ბავშვთა შრომა.

პრინციპი 6: უნდა გამოირიცხოს დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე და თანამშრომლების მიმართ.

მაგალითად:
•გამოიჩინეთ მოქნილობა, თანაგრძნობა და სოლიდარობა თქვენი თანამშრომლებისა და ბიზნეს პარტნიორების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ. ფინანსური ზეგავლენის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა მოხდეს დასაქმებულთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხარჯზე.
•მოქნილი სამუშაო პირობების მიუხედავად, ბიზნესმა უნდა განაგრძოს ხელფასისა და სხვა მომსახურებების სტაბილური ანაზღაურება: სამსახურის გაცდენამ ავადმყოფობის, კარანტინის ან ოჯახის ავადმყოფ წევრზე ზრუნვის გამო შესაძლოა გამოიწვიოს ანაზღაურების ან სამუშაოს დაკარგვა. ასეთ ვითარებაში ბიზნესმა უნდა განაგრძოს ანაზღაურების გადახდა განსაკუთრებით ქალი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ხშირად არიან მზრუნველის/მეურვის როლში, ასევე არასტაბილური დასაქმების პირობებში მყოფი თანამშრომლებისთვის. ამ უკანასკნელს მიეკუთვნებიან დაბალანაზღაურებადი, კონტრაქტით დასაქმებული ან ყოველგვარი სოციალური დაზღვევის გარეშე მყოფი მუშაკები.
•მიმდინარე კონტრაქტები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული. გლობალური მიწოდების ქსელებში ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ურთიერთობების შენარჩუნება მომწოდებლებთან. ამასთან, საჭიროა მოქნილობა მიწოდებისა და კვოტების თვალსაზრისით, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას.
•მიიღეთ პრევენციული ზომები და შექმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც მინიმუმამდე დაიყვანს თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, გაატარეთ პერსონალური (ხელის ჰიგიენა) და გარემოს (ზედაპირების გაწმენდა) დამცავი ღონისძიებები და შემოიღეთ განახლებული სამუშაო რეგულაციები (სახლიდან მუშაობა, შეძლებისდაგვარად, პირისპირ კონტაქტების შემცირება). 


გარემოს დაცვა

პრინციპი 7: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს პრევენციულ მიდგომებს გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ.

პრინციპი 8: თავის თავზე უნდა აიღოს ინიციატივები და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.

პრინციპი 9: უნდა წაახალისოს გარემოსთვის არამავნებელი ტექნოლოგიების განვითარება და გამოყენება.
მაგალითად:
•წაახალისეთ დისტანციური მუშაობა და ვირტუალური შეხვედრები, რაც შეამცირებს ტრანსპორტით გადაადგილების შედეგად გამოწვეულ უარყოფით ზეგავლენას გარემოზე. შეაფასეთ დისტანციური მუშაობისა და ვირტუალური შეხვედრების შედეგად თქვენს მიერ შემცირებული ნახშირბადის საერთო წილით განპირობებული დადებითი ზეგავლენა გარემოზე და შეიმუშავეთ ინსტრუქციები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირებას.
•დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა დადებითი ზეგავლენა იქონია გარემოზე, რაც განპირობებულია გლობალურად ნახშირბადის ემისიების შემცირებით. რასაკვირველია, ტრანსპორტით გადაადგილება აღდგება, თუმცა, ჩვენ მოვუწოდებთ მგზავრებს, განიხილონ გადაადგილების ალტერნატიული საშუალებები, რაც ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, მათ შორის არის მაგალითად მატარებლით მგზავრობა, ასევე, უპირატესობა მიანიჭონ ეკოტურიზმს, რაც ხელს შეუწყობს ეკოსისტემების განვითარებას და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას.  

კორუფციასთან ბრძოლა

პრინციპი 10: ბიზნესმა უნდა იმოქმედოს კორუფციის ყველა ფორმის, მათ შორის ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის, წინააღმდეგ.

მაგალითად:
•ხელი შეუწყეთ ნდობის ამაღლებას თანმიმდევრული, ჩართულობაზე დაფუძნებული და გამჭვირვალე კომუნიკაციისა და პოლიტიკის წარმოებით.
•საქონლის გაყიდვისას და მომსახურების გაწევისას დაიცავით ეთიკის ნორმები. 


დამატებითი ინსტრუქციები საბანკო, სადაზღვევო და საფინანსო სექტორში დასაქმებულთათვის:  

•კომპანიებს და მათ ფინანსურ დირექტორებს შეუძლიათ იმუშაონ ბანკებთან და ინვესტორებთან ერთად, რათა უზრუნველყონ ბიზნესის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება და პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შერბილება საოპერაციო ნაწილში, განსაკუთრებით იქ, სადაც არსებობს პირველადი საჭიროების პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების შეფერხების რისკები მათ შორის ჯანდაცვის, სასურსათო და ლოგისტიკის (მომარაგების) მიმართულებით.
•ბანკებს შეუძლიათ, შექმნან სპეციალური საკრედიტო ხაზები და დააწესონ გადახდის შეღავათიანი პირობები არსებულ საკრედიტო პროდუქტებზე ყველაზე დიდი რისკის მქონე მოსახლეობისთვის და იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ პირველადი საჭიროების პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას.
•კომერციულ და განვითარების ბანკებს შეუძლიათ შექმნან შერეული ფინანსური ინსტრუმენტები ფილანთროპიული და დონორთა ფონდების ასათვისებლად, ასევე, ინვესტიციების წახალისების მიზნით იმ კომერციული საწარმოების დასაფინანსებლად, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კრიზისით გამოწვეული პრევენციული და შემარბილებელი ღონისძიებების გატარებაზე.
•სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, უზრუნველყონ თანამშრომელთათვის და COVID-19-ით დაზარალებული სხვა მუშაკებისთვის მოკლევადიანი შრომისუუნარობის ან უმუშევრობის დაზღვევის სარგებლის სწრაფი და მარტივი ანაზღაურება.
•ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ ფინანსური ტვირთის შემცირებაზე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ეპიდემიით გამოწვეულ ინტენსიურ თერაპიას და მოვლას.
•ინვესტორებს შეუძლიათ, შეიმუშაონ დროებითი საშეღავათო გადახდის პირობები იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ პირველადი მოხმარების პროდუქტების და სერვისების მიწოდებას.
•ინვესტორებს, რომლებიც ფინანსური სარგებლის მიღებასთან ერთად დაინტერესებულნი არიან, მოახდინონ დადებითი სოციალური ან გარემოსდაცვითი ზეგავლენა, შეუძლიათ ინვესტიციები განახორციელონ იმ კომერციულ კომპანიებში, რომლებიც პრევენციულ და შემარბილებელ ღონისძიებებს ატარებენ COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ.

თქვენ და თქვენ კომპანიას დამატებით შეგიძლიათ: 

მხარი დაუჭიროთ გლობალურ ძალისხმევას და წვლილი შეიტანოთ COVID-19-ის სოლიდარობის ფონდში (COVID-19 Solidarity Response Fund), რომელიც შეიქმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პარტნიორების მიერ მასშტაბური მხარდამჭერი აქციის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს COVID-19-ის პრევენციაში, გამოვლენასა და მართვაში, განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
აამაღლოთ ცნობიერება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უსაფრთხოებისა და სხვა პრევენციული ზომების შესახებ მომზადებული ინფორმაციის გაზიარების გზით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორის, ლისე კინგოს მიერ მომზადებული ინფორმაციის გასაცნობად დააჭირეთ აქ.