კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021
2021 წლის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის და ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა. საქართველოში კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ერთადერთი კონკურსია საქართველოში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია გაეროს სტანდარტთან და ეყრდნობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგს. აღსანიშნავია, რომ კონკურსი ტარდება საერთაშორისოდ აღიარებული, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის – გაეროს გლობალური შეთანხმების – ეგიდით.
ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; მდგრადი მოხმარება და წარმოება; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები 28 ოქტომბერს გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს მეორედ დაჯილდოვდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად საკონკურსო მასალები მოამზადეს.
ნომინაციები და გამარჯვებულები:
- ხარისხიანი განათლება -საქართველოს ბანკი
- გენდერული თანასწორობა – აჭარა ჯგუფი
- ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – საქართველოს ბანკი
- მდგრადი ქალაქები და დასახლებები – ეიპიემ ტერმინალს ფოთი
- მდგრადი მოხმარება და წარმოება – შპს „ლიდერი“
- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეფეს საქართველო და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი სახლი საქართველო
მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სპეციალური ჯილდო გადაეცა თიბისი ბანკს.
2021 წელს მეორედ გაიმართა მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება – მედია პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის საქართველოში, რომლის შედეგადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ ნომინაციაში – „კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი“– გამარჯვებული „ტვ ბორჯომის“ ჟურნალისტი ნინო ვართაპეტიანი და „საუკეთესო სტატია (ციფრული)“, გამარჯვებული რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ ჟურნალისტი დედიკა კალატოზი.
წელს, კონკურსის პირველ ეტაპზე კომპანიებისგან 124 აპლიკაცია, ხოლო ტექნიკური გადარჩევის შედეგად, მეორე ეტაპისთვის 94 სრული აპლიკაცია დაფიქსირდა. მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის კატეგორიაში სულ 23 განაცხადი შემოვიდა.
განაცხადები შეაფასა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა.
გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში; წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე; წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის ხედვა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა