კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ერთადერთი კონკურსია საქართველოში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია გაეროს სტანდარტთან და ეყრდნობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგს. აღსანიშნავია, რომ კონკურსი ტარდება საერთაშორისოდ აღიარებული, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის – გაეროს გლობალური შეთანხმების – ეგიდით.

სიღარიბის აღმოფხვრა; ხარისხიანი განათლება; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; გონივრული მოხმარება და წარმოება; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები 6 ნოემბერს გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაჯილდოვდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად საკონკურსო მასალები მოამზადეს.

ცერემონიის ბოლოს გამოვლინდა SDG პიონერი – ლიდერი, რომელიც წარმოადგენს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრ კომპანიას და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, გლობალური მიზნების ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრაციით. წელს, ადგილობრივ რაუნდში SDG პიონერის წოდება მიიღო აჭარა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვალერი ჩეხერიამ. მომავალ წელს, ჩეხერია საქართველოდან საერთაშორისო დონეზე გამართულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და გლობალური SDG პიონერის წოდებისთვის იბრძოლებს.

ნომინაციები და გამარჯვებულები:

  • სიღარიბის აღმოფხვრა – აჭარა ჯგუფი
  • ხარისხიანი განათლება – სილქნეტი
  • ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – ეფეს საქართველო
  • მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა – ალდაგი
  • მდგრადი მოხმარება და წარმოება – კრისტალი
  • პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – HG, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, უკეთესი მომავლისთვის
  • მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის – ოლიკო ცისკარიშვილი (ეკოფაქტი), ეკა გაზდელიანი (საზოგადოებრივი მაუწყებელი).

 

წელს, კონკურსზე 70-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. განაცხადები შეაფასა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის სალომე ზურაბიშვილი განცხადებით: „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო განკუთვნილია ბიზნესისთვის, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.“

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში; წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე; წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

დამატებითი ინფორმაცია:

გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის ხედვა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

ჟიური 2020